ალექსანდრე კვინიხიძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1946
ალექსანდრე კვინიხიძე დაიბადა 1946 წლის 24 სექტემბერს ქალაქ თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1973-1976 წლებში იყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1976-1992 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1993-1994 წლებში იყო მიწვეული პროფესორი გერმანიის უნივერსიტეტში (Erlangen University). 1995-1999 წლებში იყო ავსტრალიის უნივერსიტეტის (Flinders University) ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 2002-2003 წლებში მიწვეული პროფესორი ამავე უნივერსიტეტში. 1999-2001 წლებში იყო ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის (University Of Manchester) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2005-2006 წლებში იყო აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის (University Of Washington) მიწვეული პროფესორი ფიზიკის ფაკულტეტზე. ალექსანდრე კვინიხიძე 2002 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მეცნიერის ინტერესების სფეროა: ველის კვანტური თეორია, კვანტური ქრომოდინამიკა, ველის ეფექტური თეორია, დენები და ყალიბური ინვარიანტობა, მრავალი ნაწილაკის პრობლემა, კვარკები და ადრონები ცხელ და მკვრივ გარემოში და ა.შ. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ალექსანდრე კვინიხიძე სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.